English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ მადონა გელაშვილი
ადამიანური კაპიტალი და მისი განვითარების ტენდეციები საქართველოში

ვრცელი რეზიუმე 

ახალი ცოდნისა და ადამიანური კაპიტალის გენერირება ფაქტობრივად წარმოადგენს მდგრადი ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას. ცხადია, რომ ცოდნა და ადამიანური კაპიტალი ურთიერთდამოკიდებული კატეგორიებია: შექმნას ახალი ცოდნა და ეფექტიანად გამოიყენოს ეს ცოდნა - რეალობაში შეუძლია მხოლოდ მაღალკვალიფიციურ და განათლებულ სპეციალისტებს.  აქედან გამომდინარე ადამიანური კაპიტალს ინოვაციურ ეკონომიკაში ენიჭება უმთავრესი ადგილი წარმოების ფაქტორთა შორის, რომლებიც  ზემოქმედებენ ეკონომიკურ ზრდაზე, რადგანაც ადამიანური კაპიტალის განვითარების მაღალი დონე განსაზღვრავს  კრეატიულობის მაღალ დონესაც, რაც თავის მხრივ აუცილებელია ახალი ცოდნის (ინოვაციის) შესაქმნელად.

საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი ადამიანური კაპიტალია. შესაბამისად, განათლება და მეცნიერება ქვეყნის განვითარებისთვის გამორჩეულად პრიორიტეტული, გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სფეროებია. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განათლების სფეროს ეფექტურობაზე. სწორედამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეთა აღზრდა, მეორე მხრივ, მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრები ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და საზოგადოების განათლების უზრუნველყოფისათვის რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები კარგადაა გამოკვეთილი დოკუმენტში: „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“, სადაც გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების პრიორიტეტები. მთავრობა ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ისახავს დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადება და განათლების სისტემაში კვლევითი პოტენციალის გაძლიერება აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

90-იანი წლების ბოლოსა და ორი ათასი წლების დასაწყისში მიმდინარე ღრმა და ხანგრძლივი ეკონომიკური ვარდანა საქართველოში ნეგატიურად აისახა განათლებისა და მეცნიერების დარგებზეც, ამას დაემატა 2003-2012 წლებში განხორციელებული რადიკალური რეფორმები. საბოლო ჯამში ქართული სამეცნიერო სფერო აღმოჩნდა ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე, რომელიც განპირობებული იყო ერთი მხრივ დაფინანსების შემცირებით, მეორე მხრივ კი - მუდმივი სტრუქტურული ცვლილებებით, რომელთაც საფუძვლად ედო ოპტიმიზაციის არგუმენტი.

დღეს საქართველოში შემუშავებულ განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებში გამოკვეთილია ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც  არსებობს ამ მიმართულებით:

  • ქვეყანაში მეცნიერების ერთიანი განვითარების პოლიტიკის არ არსებობა, რომელიც ხელს უშლის სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრას და ზოგადად სამეცნიერო  სფეროს დაგეგმვას;
  • მეცნიერების დაფინანსების არსებული მოდელის პრობლემატურობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიანი კვლევითი კლასტერების შექმნას და მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას. დღეს არსებული სამეცნიერო ინსტიტუტებისთვის უმთავრეს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს კვლევითი გრანტები, რომელსაც გასცემს სახელმწიფო მასზე დაქვემდებარებული კვლევითი-სამეცნიერო  ფონდის საშუალებით.
  • მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობა, რაც ხელს უშლის მეცნიერების დინამიკურ განვითარებას და ცოდნის გადაცემას;
  • სამეცნიერო პროდუქტებისა და ინოვაციების კომერციალიზაციის დაბალი დონე;
  • საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრაციის დაბალი დონე;
  • სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთმანეთში ინტეგრაციის დაბალი დონე.

ქვეყანაში კვლევებისა და განვითარების კუთხით  არსებული მონაცემების გაანალიზებისა და ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდეციების საჩვენებლად  2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება ინოვაციების გლობალური ინდექსი. აღნიშნული ინდექსის საშუალებით შესაძლებელია იმ მექანიზმების წარმოჩენა, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდა. ის ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა აუცილებელი გარემო პირობებია საჭირო ინოვაციების განსავითარებლად. საქართველოში მიღებული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანას ესაჭიროება კვლევებისა და ინოვაციების წახალისება, განათლებაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, კერძო სექტორის გააქტიურება ინოვაციების გამოყენებაში, დანერგვასა და შექმნაში, და ინოვაციური პროდუქტების წარმოების წახალისება. ასევე, სასურველია, კერძო ბიზნესის მეტი აქტიურობა ამ პროცესში, რაც ბიზნესკონკურენციის ხელშეწყობითა და ინოვაციების დასანერგად წამახალისებელი ღონისძიებების გატარებითაა შესაძლებელი.